ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ

პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაცვის მხარე აპირებს, რომ ყველა შიდასამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

„ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც უკვე 4 წელიწადია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს დევნა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის დაკვეთილი იყო და პროკურატურამ და სასამართლომ განახორციელეს. ცხადია, რომ სასამართლოში, სანქცირებული კლანის დაკვეთით, უმსგავსო გადაწყვეტილებებს იღებენ. სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს. ჩვენ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ. ამ დევნის მიზანი ჩვენი რეპუტაციის შებღალვა იყო, რაც არ გამოუვიდათ. მანამ, სანამ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ, ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სრულად დაქვემდებარებულია.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ. მთელი ეს პროცესი კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა იყო. ამ სარჩელით, ვაპირებთ, თვალსაჩინო გავხადოთ, რამდენად სამარცხვინო იყო სასამართლოს გადაწყვეტილა. ბრძოლა გრძელდება მანამ, ვიდრე ეს უსაფუძვლო კამპანია სრულად არ განადგურდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ეს საჩივარი საბოლოო განაჩენზე პირდაპირ გავლენას იქონიებს, რა ფორმითაც არ უნდა დადგეს ის.

„განაჩენი უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. ამის პარალელურად, დღეს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ. გარდა იმისა, რომ პროცესი მთლიანად უკანონოა, ამავდროულად, ის ანტიკონსტიტუციურია“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. შემდგომში, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი