დღეს წარმოდგენილი პროექტი, ალბათ, არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება, მართლაც, სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, - ამის შესახებ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა
მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს, სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ, ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე, სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ.
„ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.