„ევროპის დროით“ ევროკავშირის ბიულეტენს აქვეყნებს

ორგანიზაცია „ევროპის დროით“ ევროკავშირის ბიულეტენს აქვეყნებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

ასოციაცია "ევროპის დროით" ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს ყოველთვიური „ევროკავშირის ბიულეტენი“.

თქვენ გაეცნობით ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის შესახებ ფაქტობრივ და ზუსტ ინფორმაციას.

ეკატერინე ქარდავა

სამართლის დოქტორი

ჟან მონეს პროფესორი

ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მექანიზმები

ასოცირების შეთანხმება ადგენს და განსაზღვრავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის ფორმატებს იმ მიზნით, რომ ვალდებულებათა სხვადასხვა სფეროში მოქმედებდეს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შესრულების ხელშეწყობის მექანიზმები, კერძოდ:

  • ჩამოყალიბებულია ასოცირების საბჭო, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს ორგანოს მხარეთა შორის. ასოცირების საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკავშირის ევროკომისრებისა და ევროკავშირის საბჭოს წევრებისგან. ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და, ფაქტიურად, წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შემადგენელ ნაწილს.
  • შექმნილია ასოცირების კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის საკითხებზე მხარეთა შორის დიალოგის ფორმატს. ასოცირების კომიტეტი განიხილავს ასოცირების შეთანხმების IV კართან (DCFTA) დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან მაღალი რანგის საჯარო მოხელეები (სხვადასხვა სამინისტროებიდან). ასოცირების საბჭო, ზოგიერთი ფუნქციის დელეგირებას ახდენს კომიტეტზე. ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილებებიც სავალდებულოა.
  • შექმნილია ასოცირების ქვეკომიტეტები ასოცირების შეთანხმების IV კარის (DCFTA) ფარგლებში, კერძოდ:
  1. სანიტარული და ფიტოსანიტარული SPS ქვეკომიტეტი (ე.წ. სურსათის უვნებლობის ქვეკომიტეტი);
  2. საბაჟო ქვეკომიტეტი;
  3. ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი;
  4. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი.
  • ქვეკომიტეტების შემადგენლობაში შედიან სამინისტროებში დასაქმებული საშუალო რანგის საჯარო მოხელეები. ქვეკომიტეტებიც იღებენ სავალდებულო გადაწყვეტილებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
  • შექმნილია საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტის წევრებს შორის.
  • შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და ევროკავშირის სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ფორმატს. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა უნდა იყოს ჩართული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში.

ზემოაღნიშნული ორგანოები/დიალოგის ფორმატები სავალდებულოა. ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ასოცირების კომიტეტი და ასოცირების ოთხი ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. დანარჩენ სფეროებში კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების შექმნა შესაძლებელია, მაგრამ არ არის სავალდებულო.

გურანდა ჭელიძე

ისტორიის დოქტორი

ჟან მონეს პროფესორი

რა იყო ევროგაერთიანების (ევროკავშირის) შექმნის მთავარი იდეა?

ევროკავშირის შემქმნელები რომ არა, ხალხი ვერ იცხოვრებდა მშვიდობიან და სტაბილურ, ერთიან და აყვავებული ევროპაში. ხშირი და სისხლიანი კონფლიქტების დასრულების მიზნით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს პროცესის მშენებლობა, რომელსაც დღეს ევროკავშირის სახელით ვიცნობთ.

მეორე მსოფლიო ომის უმძიმესმა შედეგებმა ევროპისათვის – მილიონობით უსახლკარო ადამიანმა, უბრალოდ ლტოლვილმა და უმუშევარმა, ევროპის ეკონომიკური ჩამორჩენილობის პიკმა მის პოლიტიკურ დაქუცმაცებულობასთან ერთად, - დაანახა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ევროპის დანგრეული და ინფრასტრუქტურულად ჩამოშლილი ეკონომიკის აღდგენა მხოლოდ სახელმწიფოთა თანამშრომლობით იყო შესაძლებელი, ეს კი მომავალში თავიდან ააცილებდა ქვეყნებს დაპირისპირებების წარმოქმნის საშიშროებასა და ახალ ომებს.

ევროკავშირის ისტორიის საწყისები 1951 წელს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაარსებას უკავშირდება. ეს იყო პირველი ნაბიჯი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 1957 წელს რომის ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება (EEC) და ევროპაში მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეპოქა. საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა დაპირისპირებისა და ომის თავიდან აცილების მიზნით დაასკვნეს, რომ ნახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანება გახდიდა ისტორიულ მეტოქეებს - საფრანგეთსა და გერმანიას - შორის ომს არა უბრალოდ წარმოუდგენელს, არამედ მატერიალურად შეუძლებელს.

ევროპული ქვეყნების გაერთიანების შექმნის უმთავრესი იდეა - მშვიდობა და არა ომი, დღესაც ფუნდამენტურია ევროკავშირის ფუნქციონირებაში.

REPowerEU - ევროკავშირის აღდგენის გეგმა

2022 წლის 4 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ შეაჯერა ზოგადი მიდგომა REPowerEU წინადადების შესახებ. წარმოდგენილი გეგმის განხორციელება ეტაპობრივად შეწყვეტს კავშირის დამოკიდებულებას რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტზე. REPowerEU გააძლიერებს კავშირის სტრატეგიულ ავტონომიას ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, ევროკავშირის ენერგომომარაგების დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით. 2023 წლის 21 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მიიღო ცვლილებათა რეგულაცია, რომელიც ითვალისიწნებს REPowerEU-ს თავების ჩართვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღდგენისა და მდგრადობის ეროვნულ გეგმებში (RRPs).

ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად, ინვესტიციებისა და რეფორმების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებითი გრანტები 20 მილიარდი ევროს ოდენობით.

წყაროები:

გ. ჭელიძე, ე. ქარდავა, ზ. ბრაგვაძე, ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში, თბ., 2020

https://european-union.europa.eu/principles-countries-history/history-eu_en

https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2023/02/21/eu-recovery-plan-council-adopts-repowereu/

https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2022/10/04/repowereu-council-agrees-its-position/

https://next-generation-eu.europa.eu/index_en

ლექსიკონი

ევროკომისია (ევროპული კომისია) არის ევროკავშირის ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტიტუტი (მმართველო ორგანო). იგი წარმოადგენს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას/მთავრობას. მის შემადგენლობაში შედიან ევროკომისრები - წევრი ქვეყნებიდან ნომინირებული პირები, რომლებსაც საბოლოოდ ევროპარლამენტი ამტკიცებს. დღეს, ევროკომისიაში 27 კომისარია, აქედან, პრეზიდენტი, 8 ვიცე პრეზიდენტი, 18 კომისარი. ევროკომისია არის ის ორგანო, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ყოველწლიურად აფასებს და საჯაროდ აქვეყნებს ქვეყნის პროგრესის შესახებ ინფორმაციას.

გამოქვეყნებები და მნიშვნელოვანი ბმულები

გიორგი მირიანაშვილი, ევროპის კავშირის სამართალი, 2022 წ. https://rustaveli.org.ge/res/docs/c5b99b6cfe51d9fbbd74fb43b6e8b83fffb0669d.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა