ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი ჩატარდება თუ რეაბილიტაცია.
„ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება.
წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, მოხდება დემონტაჟი, თუ რეაბილიტაცია. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა მედპერსონალი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას. პაციენტებს ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებენ.
რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნავს მინისტრი.