თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია ქალაქ თბილისის №220 საჯარო სკოლისთვის ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა 220-ე სკოლის სახელდების საკითხი, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა. შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლას მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის, სახელი.
სკოლისთვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გმირის დედა, ქალბატონი გენრიეტა ძამუნაშვილი, გმირის შვილები და თანაკლასელები. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ზურაბ ძამუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა.
„სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, რომლის აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერის სამინისტროს, სკოლის დირექციას და სამეურვეო საბჭოს ამ ინიციატივისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საინტერესო, ემოციური და მრავალფეროვანი წარმოდგენისთვის", - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ.
ლეიტენანტი ზურაბ ძამუნაშვილი ამავე სკოლის კურსდამთავრებული და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელია. მან მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში ტამიშთან, ლაბრასთან, ასევე კინდღთან. 1993 წელს, სოხუმის დაცემის დროს, მოწინააღმდეგემ მისი ტანკი ააფეთქა, რის შემდეგაც ის 1996 წლამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ზურაბ ძამუნაშვილის ცხედარი თბილისში 25 წლის შემდეგ, 2018 წელს, გადმოასვენეს და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.