ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეცვალა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
”გადავწყვიტე, რომ უთანხმოება დავივიწყო. გალანტი რჩება თავის პოზიციაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
იოავ გალანტი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯს მიესალმა და სოციალურ მედიაში პრემიერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა გზავნილით: “ვაგრძელებთ ერთად მთელი ძალით ისრაელისთვის“.
შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მას შემდეგ მიიღო, რაც ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყანაში დაგეგმილ სასამართლო სისტემის რეფორმას და განაცხადა, რომ ის ისრაელის უსაფრთხოებისთვის საზიანო იყო. იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებამ რეფორმის წინააღმდეგ ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა და პოსტზე მის აღდგენას ქუჩებში გამოსული ათასობით მოქალაქე მოითხოვდა.