აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ დაამშვიდონ იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები ევროპიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთითა და კიევით დასრულებული უკრაინის ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ გრიფით საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, - ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა ინფორმირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაჟონვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გამოქვეყნებით გამოწვეული ვნებათაღელვა ჩაეხშოთ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ვაშინგტონისგან ბრიფინგები მოითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. მოთხოვნები ცალ-ცალკე გაეგზავნა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს.
„ამავდროულად, ლონდონის, ბრიუსელის, ბერლინის, დუბაისა და კიევის ოფიციალურმა პირები ვაშინგტონს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავრცელდა ინფორმაცია ინტერნეტში, ვინ იყო პასუხისმგებელი გაჟონვაზე და რას აკეთებს აშშ, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის ამოღება სოციალური მედიიდან“, - წერს Politico.
გამოცემის ცნობით, 10 აპრილის დილის მდგომარეობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოკავშირეებს განუცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს გამოძიებას და რომ ისინი ჯერ კიდევ ცდილობდნენ გაერკვნენ გაჟონვის სრულ მასშტაბებში.
„ამ ამბავმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობაში კრიზისული მდგომარეობა გამოიწვია, ჩნდება რა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გამოასწორებს ვაშინგტონი იმას, რასაც მსოფლიო ოფიციალური პირები აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჯარო წარუმატებლობად მიიჩნევენ მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა 2006 -2021 წლებში მილიონობით სენსიტიური დოკუმენტი გამოაქვეყნა ინტერნეტ სივრცეში“, - წერს Politico.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს სენსიტიურ, საიდუმლო ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო მოქმედებების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის და სხვა საკითხების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბების შეფასება ჯერ არ დაუსრულებია.