უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა, - ინფორმაციას Globe and Mail-ი ავრცელებს.
შმიგალმა კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, კანადა უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.
„ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონტრშეტევის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დენის შმიგალი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი.