10 მაისს მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღონ და შესაბამისი სერტიფიკატიც აიღონ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოსაცდელმა წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან მისთვის ხელსაყრელი დრო უნდა აირჩიოს და რეგისტრაცია გაიაროს. პირველი გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება და 7 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.
„პროექტი 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას.
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს პასუხობს და მორგებულია როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს.
„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში.
„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის - „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც სამსახურს ეძებენ და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.
პარტნიორ უნივერსიტეტთა, ასევე იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, მოცემულია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ.
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.
დეტალურ ინფორმაციას ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.