კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა ფაიქიძემ მოაწერეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, მარიკა კლდიაშვილის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მცირე და ბიზნესის წარმომადგენლების დახმარების კუთხით, მთელი რიგი პროექტები განხორციელდება.
„ჩვენი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი არის მეწარმეობის და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლების მხარდაჭერა, ასევე, ეკოსისტემის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად და ლოგიკურად დაიბადა იდეა, რომ ხელი მოგვეწერა ამ მემორანდუმზე. ჩვენ ვიწყებთ მთელ რიგ პროექტებს და ერთ-ერთი მათგანია „ბიზნეს კლინიკა“, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უნივერსიტეტი, თავისი აკადემიური პერსონალის ჩართულობით, მცირე და ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებაში დაეხმაროს. დაეხმაროს, ვისაც გააჩნია რაიმე პრობლემა ბიზნესმოდელთან, ბიზნესგეგმებთან, ბიზნეს განვითარებასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლო პროექტი იქნება, რომელიც ორმხრივად ჩატარდება. პროექტი მაისიდან იწყება,“ - განაცხადა მარიკა კლდიაშვილმა.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიგა ფაიქიძის განცხადებით, მემორანდუმის საბოლოო მიზანი ბიზნესის კუთხით სწორი ნაბიჯების გადადგმაში ახალი თაობების დახმარება და ხელშეწყობაა.
„მემორანდუმის მიზნების შეიძლება ბევრი იყოს, რადგან ბიზნესასოციაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკმაოდ ძლიერი კვეთა გვაქვს, რადგან ჩვენს წევრებში არის მაგალითად, საკმაოდ ბევრი სტარტაპერი. სტარტაპერები უმეტესად არიან ხოლმე სტუდენტები, რომლებიც შემდეგ საკუთარ ბიზნესს იწყებენ. ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტს ამთავრებენ და შემდეგ უკვე ბიზნესის მიმართულებით დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ჩვენ უკვე მანდ ვხვდებით. ბიზნესასოციაცია სწორედ ამას ემსახურება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გააძლიეროს. შესაბამისად, ვფიქრობ, გვექნება კარგი შესაძლებლობები, რომ ერთად გარკვეული ღონისძიებები დავგეგმოთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მომავალ თაობას, რომელმაც საქართველოში ბიზნესი უნდა აკეთოს, რაღაცნაირად დავეხმაროთ და სწორი ნაბიჯების გადადგმაში ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, შეხვედრის ფარგლებში, SMEDA-სა და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში წარიმართა დისკუსია საკითხზე - „ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“.
ცნობისთვის, SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას.