საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა თემატური გამოფენა - „სხეული, როგორც ხელოვნების შთაგონება“ (THE BODY AS INSPIRATION FOR ART) მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯგუფურ გამოფენაზე სტუდენტებმა ხელით შესრულებული ნამუშევრები, ფოტოები, ციფრული პროექციები და ინსტალაციები ჰეშთეგების - #ლამაზიხარ #უთხარიარასტერეოტიპებს (#SayNOtoBodyShaming #YoyAreBeautiful) - თანხლებით წარმოადგინეს. გამოფენის ორგანიზატორებმა სტუდენტური ნამუშევრები ერთი თემის ქვეშ - „სხეულის ესთეტიკა და სილამაზის სტანდარტების უარყოფა“ გააერთიანეს.
როგორც გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ანი ბასილაშვილმა აღნიშნა, გამოფენის მონაწილე სტუდენტებმა, თავიანთი ნამუშევრებით, დამთვალიერებლის და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვები გამოიტანეს.
„დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების აზრით, ადამიანის სხეულისა და გარეგნობის განხილვა ყოველთვის აქტუალური თემაა. ამ ჯგუფური გამოფენით შევეცადეთ, ჩვენი პროტესტი გამოგვეხატა ე.წ. bodyshaming-ის საწინააღმდეგოდ, რაც ბულინგს გულისხმობს. ახალგაზრდა ხელოვანები უარვყოფთ სილამაზის იმ სტანდარტებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღევანდელ საზოგადოებაშია გავრცელებული. ჩვენი ნამუშევრებით წინა პლანზე დემონსტრაციულად წამოვწიეთ „natural hair“, „skin aesthetics“, ბუნებრიობა თანდაყოლილი ნაკლებით და ამით შევეცადეთ საზოგადოებისთვის დაგვესვა ისეთი შეკითხვები, რომლებზეც პასუხი, ვფიქრობთ, ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის. მადლობას ვუხდით გამოფენის მონაწილე ყველა სტუდენტს, ასევე, მხარდაჭერისთვის - დიზაინის საერთაშორისო სკოლასა და უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, ჩვენს თანაფაკულტეტელებს და მეგობრებს: ლუკა ლომჯარიას, ლუკა ბუაჩიძეს, ლიზა ბრელიძეს, ჯანო გაბრიჭიძეს, ანუშკა მიშველიძეს, ელენკა ბოცვაძეს და ბარბარე ჩხარტიშვილს. ამ გამოფენით თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი და შესაძლებლობებიც გამოცადა. სამომავლო ჯგუფური გამოფენისთვის მზადებას კი აქედანვე დავიწყებთ“, - ამბობს სტუ-ის სტუდენტი ანი ბასილაშვილი.
მორიგი ჯგუფური გამოფენის ორგანიზებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობა ახლო მომავალში გეგმავს.