საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები „მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები „მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„2023 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1296 და №1396 კონსტიტუციური სარჩელები („მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა ადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა. მათთვის პრობლემური იყო გასაჩივრებული ნორმით აკრძალული ქმედებისთვის არა ზოგადად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების შესაძლებლობა, არამედ სასჯელის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

მოსარჩელე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა ერთნაირ სასჯელს აწესებდა ისეთი ქმედებებისთვის როგორებიცაა: ერთი მხრივ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა. ისინი მიუთითებდნენ, რომ ისეთი ქმედებები, როგორებიცაა – პენიტენციურ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ბევრად უფრო მძიმე ხასიათის ქმედებებია და მათი გაიგივება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობასთან არ იყო სამართლიანი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე განპირობებული იყო სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესით, მოეხდინა პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლისა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციის პრევენცია, დაცული ყოფილიყო პენიტენციურ დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა და, იმავდროულად, ამ დაწესებულების თანამშრომლებისა და დაწესებულებაში მოთავსებული პირების უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა და, ზოგადად, საზოგადოების უსაფრთხოება. პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციას წარმოადგენდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი აგრესიული ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას, ხასიათდებოდა უმართლობის მაღალი ხარისხით და მიმართული იყო საჯარო წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისკენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, პენიტენციური დაწესებულების ნორმალური, გამართული ფუნქციონირება, ხოლო, მეორე მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობის დაცვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებდა ფართო მიხედულების ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ფასდებოდა ის თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო ნორმით განსაზღვრული პატიმრობა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არა ის თუ რამდენად თანასწორად ისჯებოდნენ მსგავსი საფრთხის შემცველი დანაშაულის ამსრულებლები. თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგოდ, თუ მისი სიმძიმე მკვეთრად, უხეშად დისპროპორციული იქნებოდა ქმედების უმართლობის ხარისხთან და მისგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმით ისჯებოდა აგრესიული, ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქიკური ტანჯვის მიყენებისკენ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნიდა როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ნების საწინააღმდეგოდ მოთავსებული იყვნენ გარკვეული რისკის მქონე მსჯავრდებულები. შესაბამისად, მუდმივი იყო საფრთხე იმისა, რომ ძალადობის ცალკეული შემთხვევა გადაზრდილიყო მასიურ არეულობაში და გამოეწვია მძიმე შედეგები. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობრივად გამოხატული წესრიგის დარღვევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ ძალადობის ფაქტს მძიმე შედეგი არ მოჰყვებოდა, თავისთავად, წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საფრთხეების პრევენციისათვის კანონმდებელი უფლებამოსილი იყო, მიეღო განსაკუთრებული ზომები, მათ შორის, შეექმნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები და მათი დარღვევისათვის გაეთვალისწინებინა მძიმე სასჯელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმა მიემართებოდა ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევი პირი ჩადიოდა ახალ, განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს. ასეთ დროს კანონმდებელს შეეძლო ლეგიტიმურად ჩაეთვალა, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა კონკრეტული პირის მიმართ შედარებით რთულად ხორციელდებოდა და საჭირო იყო მიდგომის გამკაცრება. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნის უზრუნველსაყოფად თანამშრომელზე ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევების მძიმედ დასჯის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ იდგა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი