დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, უკრაინის საელჩო დედაქალაქის საკრებულოში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის სკვერის გახსნის ინიციატივით შემოვიდა.
დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებით გრიგოლია თბილისში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის სკვერის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხის პოლიტიზება მორალურად არ არის სწორი.
„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ელჩთან ერთად ორი ქვეყნის მეგობრობის ხაზგასასმელად გაჟღერდეს. უკრაინულმა მხარემ თავად განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება. ჩვენ მასთან ერთად გავივლით კონსულტაციებს, შევარჩევთ მემორიალის ადგილსაც და კონცეფციასაც“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლია დღესვე ოპოზიციის მხრიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულ პროგრესს კარგად ხედავს, რაც თინათინ ნიბლოშვილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის დამსახურებაა.