უნდა შევიმუშაოთ გარკვეული მექანიზმები, რომ არ მოხდეს „ბასლაინების“ არამიზნობრივი გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
რევაზ სოხაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კი თბილისში განხორციელებულა, შესაბამისად, ამა თუ იმ მიზეზით მისი დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს.
„ნებისმიერი რეფორმა თავისთავად იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ სატრანსპორტო რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ქალაქში განხორციელებულა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია "ბასლაინების" მოწყობა, რათა მგზავრთა გადაადგილება მოხდეს შეუფერხებლად და კომფორტულად. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ რიგ შემთხვევებში ამ იდეის დისკრედიტაციას ახდენს ის, რომ „ბასლაინებზე“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. არის სპეციალური სამსახურები, რომელთაც ოპერატიული საქმიანობისთვის სჭირდებათ აღნიშნულ გზებზე სწრაფი გადაადგილება და ეს გასაგებია, მაგრამ "ბასლაინებით" სხვა პირები არ უნდა სარგებლობდნენ. უნდა შევიმუშაოთ გარკვეული რეგულაციები, რათა ამ გზებით თანამდებობის პირები, რომელთაც სხვა მოქალაქეებთან ერთად საცობში დგომა არ სურთ, ბოროტად არ სარგებლობდნენ. ვფიქრობ, აღნიშნული მექანიზმები მუნიციპალიტეტმა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან ერთად უნდა შეიმუშაოს, რომელთაც ეს ეხებათ“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.