ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ერთობლივ სხდომას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთობლივი სხდომა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის ხასიათსა და გამოწვევებზე აზრების გაცვლას მიეძღვნება.
“დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტების თავმჯდომარეების შეკრება, რათა განიხილონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ასევე სოლიდარობის გამოხატვა კიევისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის რუსეთის შემოჭრას”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან.
ამის შემდეგ დამსწრეები თემების განსახილველად ორ ჯგუფად გაიყოფიან - “ევროპული უკრაინის აღდგენა” და “მყარი მომავლის ერთად აშენება”.
განხილვის თემებს შორის იქნება ეკონომიკური პოლიტიკა, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და საბიუჯეტო კონტროლი, ასევე უკრაინული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის კანონდებლობის იმპლემენტაცია.