თსუ-ში რარიტეტული გამოცემების გამოფენა გაიხსნა

რარიტეტული გამოცემები - ძველი ნაბეჭდი წიგნები, საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომებია წარმოდგენილი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ქართული ენის მზრუნველნი“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველი ნაბეჭდი წიგნები, მათ შორის ქართულ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ, რომელიც 1629 წელს რომშია გამოცემული კათოლიკე მისიონერების დასახმარებლად. ეს წიგნი სპეციალურად გამოიცა იმ დიპლომატიური ურთიერთობების ხელშესაწყობად, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში საქართველოსა და კათოლიკურ სამყაროს, ევროპას შორის არსებობდა,“- განაცხადა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს ცნობით, წიგნის პირველი შვიდი გვერდი უჭირავს ქართულ მხედრულ ანბანს, დანარჩენ გვერდებზე მოთავსებულია: ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობელნი ქართულად და იგივე მასალა ლათინურ ენაზე, ქართული ტრანსკრიპციით. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი ქართული ლოცვისა და ათი მცნების ტექსტი უნდა წარმოადგენდეს ნიკიფორე ირბაქის მიერ ამ გამოცემისათვის შესრულებულ ლათინური ტექსტების თარგმანს.

„გამოფენაზე, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება, წარმოდგენილია 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება, რომლის 40-მდე ეგზემპლარია საქართველოში შემორჩენილი. აქედან 21 ინახება თსუ-ში. ამ წიგნების რესტავრაცია 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორიაში. ექსპოზიციაში, ასევე, განთავსებულია: მაჯიო ფრანცისკო-მარია, ქართული ენის გრამატიკა, 1670 წელი; გაიოზი, გრამატიკა, მოზდოკი, [1796-1800] წელი; იოანე ქართველიშვილი, ქართული ღრამატიკა, ტფილისი: 1815; იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის, 1876 წელი; სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ტფილისი: 1884 წელი; ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებულება, ტფილისი: 1879 წელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვირფასი გამოცემა – აკაკი შანიძის დისერტაცია, რომელიც მან 1920 წელს დაიცვა და, ფაქტობრივად, ამით დაიწყო უნივერსიტეტში ქართული საუნივერსიტეტო მეცნიერება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, „ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული კონსტიტუციები, რომელიც გასულ საუკუნეში ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ასახავს.

„მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921 წ.), აგრეთვე, 1978 წლის ორი დოკუმენტი: კონსტიტუციის პროექტი, რომელმაც ქართველი ხალხის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია, რადგან მასში ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონდა და მეორე- ქართველთა დიდი მღელვარების შედეგად მიღებული კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი”, - აღნიშნავს გაიპარაშვილი.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გია ჯაფარიძემ თსუ-ს საჩუქრად გადასცა ფარნავაზ მეფის ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკის ფოიეში დაიდგმება.

ღონისძიების ბოლოს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, გიორგი ახვლედიანის 136 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ვიქტორინის ,,გიორგი ახვლედიანის მნიშვნელოვანი თარიღები’’ გამარჯვებული თსუ-ს სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში