სადაზღვევო კომპანია ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა.
„ალდაგის“ ცნობით, შეთანხმების წევრობით, „ალდაგი“ იღებს ვალდებულებას გაეროს გლობალური მიზნები გახადოს კომპანიის სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში, რომლებიც დაეხმარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნების საქართველოში განხორციელებას.
„გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში და ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული შეთანხმების ათი პრინციპის დაცვით. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 18 000-ზე მეტ კომპანიასა და 4 000-მდე არასამეწარმეო ორგანიზაციას აერთიანებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი განმარტავს, მზად არიან იმოქმედონ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად.
“მოხარული ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების მონაწილეები ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად -ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. გვჯერა, რომ ჩვენი წევრობა და თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება“, - აცხადებს ქეთევან მაღალაშვილი;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ალდაგი“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა და დღემდე სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერად რჩება. 2023 წლისთვის ალდაგის პორტფელში 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია. „ალდაგი“ იყო პირველი, ვინც საქართველოში არაერთი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები Swiss Re, Trans Re, Hannover Re, LLoyd’s of London შემოიყვანა და ხელი შეუწყო დაზღვევის კულტურის განვითარებას.
„ალდაგმა“ წლების მანძილზე ზრდისა და განვითარების მიზნით, არაერთი შერწყმა და ტრანსფორმაცია განახორციელა. დღეს ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად არის აღიარებული. (EUROMONEY, world finance, global brand magazine). 2020 წელს ალდაგს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის.
მხოლოდ 2022 წელს „ალდაგმა“ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს 43 მილიონი ლარის ოდენობით ზიანი აანაზღაურა. „ალდაგი“ წარმოდგენილია არასასიცოცხლო (property and casualty (P&C) დაზღვევის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პორუდქტს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.