რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა, მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედროს ტყვეს თავს აჭრიან.
ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთი ეპიზოდი და ერთი შემთხვევა, ეს ვიდეო ასახავს იმას, რაც რუსეთს სურს ნორმად და ჩვევად აქციოს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება.
უკრაინის პრეზიდენტმა ყველა ლიდერს მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ეს ისეთი რაღაცაა, რისი იგნორირებაც მთელს მსოფლიოში არავის შეუძლია. რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა - მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი. არ არსებობს ხალხი მათთვის, შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცის შვილი. ეს არის ვიდეო რუსეთზე, რომელიც ცდილობს, ეს ახალი ნორმა გახადოს, სიცოცხლის განადგურების ჩვევად აქციოს. ეს არ არის შემთხვევა, ეს არ არის ერთი ეპიზოდი, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, ასეთი შემთხვევა იყო ბუჩაში, ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს.
არ ელოდოთ, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, დრო რომ გავა. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დავიწყებას! არც მკვლელების პატიებას ვაპირებთ! ყველაფერს თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ტერორის დამარცხება აუცილებელია. ვერავინ ვერ გაიგებს, თუ ლიდერები არ იმოქმედებენ, მოქმედება საჭიროა ახლა. და ჩვენ უკრაინაში ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ფრონტის ხაზზე იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაგვეხმარეთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა განვდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მთავარი მიზანი უკრაინის გაძლიერებაა გამარჯვებისთვის. ოკუპანტის დამარცხება და მკვლელების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის! მუდმივი ხსოვნა ყველა ადამიანის, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა იმსხვერპლა! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.