აცხადებენ, თუ ვინმე ექიმის ჩამოყვანა უნდათ, ან ექიმს უნდა ჩამოსვლა, მობრძანდნენო. თუმცა, ქმედებებში საპირისპიროს აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ჩამოიყვანეს, საკმაოდ გაჭიანურდა ყველაფერი, "მიზეზებს ეძებდნენ, რომელიც აბსოლუტურად არ იყო გამართლებული".
„ალბათ, აქაც ასეთი შემთხვევა იქნება, თუმცა, პოლონელებთან დაკავშირებით განსაკუთრებით გაჭიანურდა. ვნახოთ, რას იზამენ. პარალელურად აცხადებენ, თუ ვინმე ექიმის ჩამოყვანა უნდათ, ან ექიმს უნდა ჩამოსვლა, მობრძანდნენო. თუმცა, ქმედებებში საპირისპიროს აკეთებენ. ძალიან ცუდია, როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, შეზღუდვების დაწესება უადგილოა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტაციაზეც ისაუბრა.
„დოკუმენტი გაგზავნილია, მტკიცებულებებად დართულია ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ქართველი, ევროპელი, ამერიკელი ექსპერტების მიერ იქნა მოპოვებული და ასევე, სახალხო დამცველის არაერთი დასკვნა. რაც შეეხება ვადებს, ამაზე წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის, მოგეხსენებათ, სტრასბურგი გახლავთ პრეცედენტული სამართლის სასამართლო და შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად ის მიიღებს. ამ ეტაპზე ლოდინის გარდა, სხვა არაფერი შეგვიძლია. პრაქტიკას თუ გადავხედავთ, დაჩქარებული წესით მოხდეს თუ არა განხილვა, ამაზეც გადაწყვეტილებას სასამართლო თავად იღებს. თუმცა, მსგავსი ტიპის დავებს რა თქმა უნდა, უფრო დაჩქარებული წესით იხილავს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, როგორც პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, მათ ყველა პირობა დააკმაყოფილეს. შესაბამისად, ის იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმებისგან შემდგარი სამედიცინო კომისია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას შეძლებს.