ამერიკის შეერთებული შტატები და ლატვია ადასტურებენ ინფორმაციას თავიანთი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, მაგრამ აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.
„საელჩოში წარმოდგენილია აშშ-ის მცირე სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუშაობს თავდაცვის ატაშეს ოფისთან ერთად, რათა დაგვეხმაროს ვიმუშაოთ იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც შედის უკრაინაში ან იქიდან გადის“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედროები ბრძოლის ველზე არ იბრძვიან.
ამასთან, გამოცემა Delfi-ს ცნობით, ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავიანთ სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების ფუნქციების შესასრულებლად აგზავნიან. კერძოდ, საუბარია უკრაინაში ლატვიის საელჩოს და ტვირთების დაცვაზე. უწყების მტკიცებით, ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.
მედიის ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დასავლური ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და ლატვიის სამხედროები იმყოფებიან.