უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით 115 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ.
უკრაინის პრემიერის თქმით, ვაშინგტონში მისი სამუშაო ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენისთვის რესურსების მობილიზებაა.
"საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას 115 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევენ. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ უკრაინის მოკავშირეები დაგვეხმარებიან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება სრულ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა შმიგალმა.
მისი თქმით, ქვეყნის აღდგენის სამუშაოები უკვე იწყება და უკრაინის სწრაფი აღდგენის პროექტებს 2023 წელს 14 მილიარდი დოლარი სჭირდება.