ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გახსნით ღონისძიებას კონკურსში მონაწილე თბილისის 10 სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რომეო მიქაუტაძის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმები, რომელთა წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა.
„თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. კონკურსი “გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას. მჯერა, რომ ასეთი კონკურსები შეუწყობს ხელს ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის პოპულარიზაციასა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მდგრად მომავალსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, intec - GOPA-International Energy Consultants-ის უფროსმა მრჩეველმა ვახტანგ ბეგაშვილმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.
მათივე ინფორმაციით, მისასალმებელი ნაწილის შემდეგ მონაწილე სკოლებისათვის კამპანიის შესახებ ინტერაქციული საინფორმაციო სესია გაიმართა. CENN-მა მონაწილე სკოლებს კონკურსის წესები და შეფასების კრიტერიუმები გააცნო. თბილისის მასშტაბით 10 მონაწილე სკოლა 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავს, ივნისის ბოლოს კი სხვადასხვა უწყებისაგან დაკომპლექტებული კომისია 3 გამარჯვებულს გამოავლენს და 3,000 ევროს ოდენობის ენერგოეფექტური პრიზებით დააჯილდოებს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კონკურსში მონაწილე სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.