განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის ინდიკატორების (EQAVET), პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, გამოყენების ხელშეწყობაა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხარისხის ევროპული ინდიკატორების ინტეგრირება საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის ზრდას.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრას ევროპის განათლების ფონდის ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტმა, მუნირ ბაათმა გაუწია ფასილიტაცია.
„შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უნარების სააგენტოს, ავტორიზაციის საბჭოს, საჯარო და კერძო კოლეჯების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებს, ონლაინ რეჟიმში , ამ მხრივ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ნიდერლანდების, პორტუგალიის და რუმინეთის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ევროპის განათლების ფონდის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმის ფარგლებში ტარდება, რომელთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე სამი წელია წარმატებით თანამშრომლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.