საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე, საბაკალავრო პროგრამის - არქიტექტურა - არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა-კონკურსზე - „არქიტექტურული კომპოზიცია“, რომელიც გალერეა „უნივერსში“ ჩატარდა, წარმოდგენილი იყო 80 ნამუშევარი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარინა მაისურაძის თქმით, გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი სტუდენტების ნამუშევრები შიდა კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
„გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები არის დავალების პირველი ეტაპი. აბსტრაჰირებული ფორმის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შევთავაზეთ გეომეტრიული ფიგურებისგან - სამკუთხედი, წრე და ოთხკუთხედი, შეექმნათ არქიტექტურული კომპოზიცია. მივეცით საშუალება თავად შეერჩიათ ფერები. ფერებში გადატანილი ფიგურები მაკეტის სახეს იღებს და ასე კეთდება მოცულობითი სივრცის კომპოზიცია. დავალების შესრულებაში ჩართული იყო სტუდენტების რვა ჯგუფი, ჯგუფში 25 სტუდენტია. დავალების დასრულების შემდეგ, სტუდენტები შიდა კონკურსს ატარებენ და თავად არჩევენ გამოფენაზე წარსადგენ საუკეთესო ნამუშევარს“, - განაცხადა მარინა მაისურაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი იყო მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია, რომლის შემდეგი ეტაპი, შემდეგი დავალება უკვე არის კომპოზიცია „აბსტრაქციიდან რეალობამდე“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი პირველკურსელებისათვის გამოფენა-კონკურსს ტრადიციულად ყოველწლიურად აწყობს. როგორც მარინა მაისურაძე აცხადებს, მსგავსი ღონისძიება მომავალი არქიტექტორებისთვის სტიმულის მიმცემია და რაც მთავარია, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„რამდენიმე წელია ვაწყობთ გამოფენა-კონკურსს და სასიხარულოა, რომ სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. „არქიტექტურული კომპოზიციის“ შემდეგ ჩვენ სტუდენტებს მივცემთ დავალებას „აბსტრაქციიდან რეალობამდე“, რაც კიდევ მეტად წარმოაჩენს სტუდენტების ხედვას. მსგავსი დავალებები სტუდენტის, როგორც მომავალი არქიტექტორის, არქიტექტურული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რაც მთავარია, მეთოდი თავად სტუდენტებს ძალიან მოსწონთ. მნიშვნელოვანია მათი პირველი ნაბიჯი, მათთვის თქმა იმისა, რომ თურმე გეომეტრიული ფორმები სივრცეში რეალურად შეიძლება წარმოიდგინო“, - აცხადებს მარინა მაისურაძე.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პირველკურსელმა ზურაბ გოგოლაძემ, გამოფენა-კონკურსზე წარმოადგინა შინდისფერ, შავ და თეთრ ფერებში სამი გეომეტრიული ფიგურისაგან აწყობილი კომპოზიცია.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დავალება - „არქიტექტურული კომპოზიცია“, ძალიან მომეწონა. ეს არის ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალება. სასიხარულოა, რომ თანაკურსელებმა, შიდა კონკურსში, ჩემი ნამუშევარიც აირჩიეს იმ 80 ნამუშევრიდან, რომელიც წარმოდგენილია გამოფენაზე. ორმაგად სასიხარულოა, რომ მათი არჩევანი ჩვენი ლექტორების არჩევანს დაემთხვა. დავალების შესრულებისას ძალიან ბევრი ვარიანტი და ფერები წარმოვიდგინე. ბევრი ვიმუშავე და საბოლოო ჯამში გადავწყვიტე შავი, თეთრი და შინდისფერი ფერებით ამეწყო კომპოზიცია. გამოფენა-კონკურსი 9 აპრილის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რამდენიმე დღეში ტარდებოდა, ამიტომ ჩემი კომპოზიცია ერთგვარ სიმბოლოდ შეიძლება აღიქვას მნახველმა. მინდოდა შემექმნა კომპოზიცია, რომელსაც მრავალმხრივ აღსაქმელი იქნებოდა და ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე“, - განაცხადა ზურაბ გოგოლაძემ.
გამოფენა-კონკურსის დასასრულ, ორგანიზატორებმა პირველკურსელებს სიგელები გადასცეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"