რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის განცხადებით, სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის თავდასხმაში უკრაინის მოქალაქე, იური დენისოვი მონაწილეობდა.
უწყების მტკიცებით, თაბაშირის სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული, დარია ტრეპოვას დენისოვმა გადასცა.
„დადგინდა, რომ მკვლელობა დ.ტრეპოვასთან ერთად მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის წევრმა, უკრაინის მოქალაქემ, 1987 წელს დაბადებულმა იური დენისოვმა, რომელიც „ექსპრეს მიწოდების“ სამსახურის საშუალებით მას მოსკოვში გადასცა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სამხედრო რეპორტიორის თაბაშირის ფიგურით იყო შენიღბული “, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, დენისოვი რუსეთში კიევიდან ლატვიის გავლით „უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით“ ბლოგერის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ჩავიდა და ქვეყანა აფეთქების მეორე დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. მეორე დღეს, რუსმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ტრეპოვამ „შემოქმედებით საღამოზე” ტატარსკის თაბაშირის სტატუეტი გადასცა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.