პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის ცენტრს (Justice Hub), დიგიტალიზაციის სააგენტოსა და მოქალაქის სახლს ესტუმრა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების არსებულ მოდელსა და სისტემას, მათ შორის, ონლაინ ხელმისაწვდომ და დიგიტალიზებულ სერვისებს.
„ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიაში საჯარო მმართველობის სისტემაში დანერგილი ელექტრონული ადმინისტრირებისა და ინოვაციების შესახებ.
ციფრული მმართველობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.