საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სტუდენტებს „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის მიზნები, პერსპექტივები და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობები გააცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის შორსმიმავალ მიზნებსა და პერსპექტივებზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რასაც პროგრამაში წარმატებით ჩართვის შემდეგ ახალგაზრდები კვლევითი კომპონენტის განხორციელებისა თუ კარიერული განვითარების მხრივ მიიღებენ.

თამარ ალადაშვილმა სტუდენტებს განუმარტა „მწვანე სტიპენდიის“ მოპოვების შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, მეტად დააინტერესებს ახალგაზრდებს, დაეუფლონ გარემოსდაცვით და მომიჯნავე პროფესიებს, ცოდნა გაიღრმაონ და სამეცნიერო კვლევები აწარმოონ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მასთან ერთად შვიდ სამიზნე უმაღლეს სასწავლებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. რაც შეეხება 1500-ლარიან „მწვანე სტიპენდიებს“, მათი მოპოვება იმ წარჩინებულ მაგისტრანტს შეუძლია, რომელიც სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მიმართულებისა და მის მომიჯნავე ისეთ სამაგისტრო პროგრამებზე, როგორიცაა წყლის ინჟინერია, გეოლოგია, ენერგეტიკა, გარემოსდაცვითი ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, ასევე, სატყეო საქმე. ეს არის ერთჯერადი სტიპენდია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, წელიწადში 32 სტუდენტზე გაიცემა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამას იმ მიზნით ახორციელებს, რომ ხელი შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას და შედეგად, დარგისთვის პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებას. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას შესაბამის უწყებებში, საუკეთესო სტუდენტებს კი წარმატებით დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალგაზრდებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ, დაეუფლონ დეფიციტურ პროფესიებს, ჩამოყალიბდნენ დარგის პროფესიონალებად და ამასთან ერთად, სამეცნიერო კვლევები განახორციელონ. როგორც ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორია ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი მეტად დაინტერესდნენ გარემოსდაცვითი და მომიჯნავე პროფესიებით, მიღებული ცოდნა კი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან. თანამშრომლობის მიზანია, ჩვენი ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი და მომიჯნავე სპეციალობების საფუძვლიანი შესწავლით, არამედ სამეცნიერო კვლევებითაც. ამ მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, შესაბამისი სპეციალისტები კი დეფიციტურია დღევანდელ შრომის ბაზარზე. რაც უფრო კარგად ისწავლიან და იაქტიურებენ სტუდენტები, მეტი შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ „მწვანე სტიპენდიები“, სტაჟირება გაიარონ შესაბამის უწყებებში და საკუთარ თავზე გამოსცადონ კარიერული განვითარების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ ის მოცემულობაც, რომ გარემოსდაცვითი გამოწვევები ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია დღევანდელ მსოფლიოში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ხდება. სხვადასხვა კომპონენტის ამოქმედებით, მთავრობა ხელს უწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და ამით შრომის ბაზარზე არსებული დანაკლისის ქმედითად შევსებას. ვიმედოვნებთ, ჩვენი სტუდენტები კარიერული განვითარებისთვის ყველა მოცემულ შესაძლებლობას გამოიყენებენ და მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან, რომლებიც მემორანდუმის მხარეები არიან, „მწვანე სტიპენდიებით“ გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი პირველად 2022 წლის ბოლოს დაჯილდოვდა. მათ შორის 4 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტია. „მწვანე სტიპენდიების“ მფლობელთა მორიგი ნაკადი მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდება.

როგორც სტუ-ის გარემოსდაცვითი ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ბარათელი აღნიშნავს, „მწვანე სტიპენდიის“ მოპოვება მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეძლო.

„გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროგრამის მაგისტრანტი და „მწვანე სტიპენდიატი“ ვარ. სტიპენდია შარშან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მოვიპოვე და ამის საფუძველი მაღალი აკადემიური მოსწრება გახდა. მიყვარს ჩემი პროფესია და ვაპირებ, ბოლომდე გავყვე მას, თუმცა, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ „მწვანე სტიპენდიის“ მოპოვება საკმაოდ ძლიერი მოტივატორია. ვფიქრობ, იმ სტუდენტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ მიმართულება არჩეული, სტიპენდიატობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დიდ სტიმულს მისცემს. ვაპირებ სტაჟირების კურსი გავიარო და ცოდნა გავიმყარო. იმედი მაქვს, ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობაც მალე მომეცემა. რაც შეეხება ჩემს „მწვანე სტიპენდიას“, ის ჯერ არ გამომიყენებია, ანაბარზე შევიტანე და ზუსტად ვიცი, რომ ისევ და ისევ სწავლას მოვახმარ“, - ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი მარიამ ბარათელი.

ცნობისთვის, „მწვანე სტიპენდიების” პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა