ძალიან დასაფასებელია ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას,- ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ეხება.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, თავად მიხეილ სააკაშვილი უყურებდა ზელენსკის ამ მიმართვას.
ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ქვეყნის ერთგული მეგობარია.
„ძალიან დასაფასებელია ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან ვაფასებთ, ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის ვისთვის აკეთებს, ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, ის იმედით ელის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„მე, რა თქმა უნდა, სულ მაქვს მოლოდინი და სულ მაქვს იმედი და ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, გამართლდება ჩემი ეს იმედი“,- განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, მას სიცხე ყოველდღიურად აქვს.
„მდგომარეობა იგივეა. ყოველ დღე სიცხე აქვს, გუშინ 38 გრადუსიც კი ჰქონდა სადღაც, 38-სკენ მაინც აქვს ყოველდღე. წონის კლებას რაც შეეხება, თვითონ ამბობს ვიკლებო. როცა წევს და სასწორი არ გვაქვს და მე პირადად ვერ ვამოწმებ, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ პროგნოზი რომ კეთდებოდა ორგანოების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალაშია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს და ამიტომ განსაკუთრებით საჩქაროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.
„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ, არა რამე პირად, არამედ მკაფიოდ ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული… რომელსაც სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი აქვს.
თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე სიცოცხლე არის დამოკიდებული, მაშინ, ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.