აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სააგენტოს ჩართულობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ, სააღდგომო ნობათი, სამახსოვრო საჩუქრები და კომპიუტერული ტექნიკა პირადად გადასცეს.
„სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად რიგდება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით ფაცაციას თქმით, მას სჯერა, რომ უახლოეს მომავალში, დევნილი ოჯახები შეძლებენ, დღესასწაულები საკუთარ სახლებში, ერთიან საქართველოში აღნიშნონ.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ და ბედნიერი ვარ, რომ მცირედით შევძელით მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა. თითოეული მათგანი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენს სახლ-კარში დაბრუნებასა და ყოველი ახალი დღესასწაულის ერთიან საქართველოში აღნიშვნას შევძლებთ!“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.