ილია მეორე - საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მიუღებელია - ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით, მისი შინაარსის გაუკუღმართებით

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი სხვა საკითხებთან ერთად ეპისტოლეში სწორედ „რეალურ თავისუფლებაზე“ საუბრობს და განმარტავს, რომ თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

„სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინაარსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების.... შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა“, - აღნიშნავს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

სააღდგომო ეპისტოლე სრულად

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა