ევროპული კომისია პოლონეთისა და უნგრეთის მხრიდან უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ვაჭრობის საკითხზე ცალმხრივი ქმედება მიუღებელია.
„ინფორმირებული ვართ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვაზე პოლონეთისა და უნგრეთის განცხადებების შესახებ. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია. ასეთ რთულ დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების კოორდინაციას და შესაბამისობას”, - ნათქვამია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე.