უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც უკრაინისთვის პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდება ფერხდება, უკრაინელ სამხედროებს ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველ ჯერზე, როცა გვესმის, რომ იარაღის დაპირებული მოწოდება ფერხდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ტიპზე, დიაპაზონზე ან სხვა მახასიათებლებზე - ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა წააგოს და ეს უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა.
„აგრესორმა უნდა წააგოს და ეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ვიყოთ მაქსიმალურად აქტიური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, რათა ჩვენი ერთობლივი გამარჯვება დავაჩქაროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.