ამერიკელმა სამართალდამცავებმა ნიუ-იორკში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც მანჰეტენის „ჩაინათაუნის“ უბანში ჩინეთის „პოლიციის საიდუმლო განყოფილების“ მართვაში ადანაშაულებენ.
დაკავებულებს, რომლებიც 61 და 59 წლის მამაკაცები არიან, ბრალს ჩინეთის მთავრობის აგენტებად მოქმედების მიზნით შეთქმულების მოწყობასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის წაუყენებენ. ისინი ბრუკლინის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულები ერთად მუშაობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის განყოფილების დაარსებაზე. უწყების ცნობით, „საიდუმლო განყოფილება“ 2022 წლის შემოდგომაზე დაიხურა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში მონაწილე პირებმა FBI -ს გამოძიების შესახებ შეიტყვეს.
აშშ-ში აცხადებენ, რომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში მინიმუმ 100 საიდუმლო განყოფილებაა.
ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, ეს არის არა პოლიციის განყოფილებები, არამედ მომსახურების ცენტრები, რომლებიც პანდემიის დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების დასახმარებლად გაიხსნა, მაგრამ უფლებადამცველი ჯგუფები ჩინეთს ფორპოსტების ჩინეთის მოქალაქეებზე ზეწოლის, მუქარისა და მათი მონიტორინგის მიზნით გამოყენებაში ადანაშაულებენ.