ევროპელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას აკრიტიკებენ და ამ შეზღუდვებს უკანონოდ და კონტრპროდუქტიულად აფასებენ, - ამის შესახებ გამოცემა Politico-ს სტატიაშია აღნიშნული.
აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი იმ მიზეზით აკრძალა, რომ მათი ხელისუფლებების მტკიცებით, ექსპორტის ჭარბმა რაოდენობამ „წალეკა“ მათი ბაზრები და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი ფერმერების საარსებო წყაროს.
ევროკავშირის წევრები ქვეყნების დიპლომატები თვლიან, რომ იმპორტზე დაწესებული აკრძალვა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო, ისე ევროკავშირის კანონებს და მიზანს ვერ მიაღწევს.
„ცალკეული ქვეყნების მხრიდან ცალმხრივი აკრძალვები ვერაფერს მოაგვარებს. ევროკავშირის მასშტაბით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას წესებზე, რომელზე დაყრდნობითაც უკრაინიდან ევროპულ პორტებში სოფლის მეურნეობის საქონლის გადაზიდვა განხორციელდება და რომ მათგან პროდუქცია წავა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინულ პროდუქციაზე არიან დამოკიდებული“, - განაცხადა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზდენეკ ნეკულამ.
გამოცემა წერს, რომ საკითხი, შესაძლოა, „შენელებული მოქმედების ბომბად“ იქცეს.
“უკრაინის ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა მარცვლეულის ექსპორტს, რომელიც ომამდე საკმარისი იყო 400 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად. გასულ წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დაბლოკა უკრაინის გლობალური ექსპორტის დიდი ნაწილი, ევროკავშირმა სწრაფად შექმნა ეგრეთ წოდებული „სოლიდარობის ბილიკები“, რაც იმპორტზე ყველანაირი ინსპექტირების შეწყვეტას ითვალისწინებდა. შედეგად, გაიზარდა მარცვლეულის იმპორტი მიმდებარე ქვეყნებში, რამაც ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინულ მარცვლეულს კონკურენციას ვერ გაუწევენ. აღნიშნული ქვეყნების მტკიცებით, მათი ტერიტორიების გავლით დანარჩენ მსოფლიოში ტრანზიტის ნაცვლად, მარცვლეული ადგილობრივ ბაზრებზე რჩება“, - აღნიშნულია სტატიაში.
Politico წერს, რომ ზაფხულის მოსავლის სეზონის წინ, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.
„სოლიდარობის ბილიკები“ არ მუშაობს. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური ინსტრუმენტები, ტრანზიტის გასაკონტროლებლად. ჩვენს სასილოსე ორმოებში დაახლოებით 4 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გვაქვს და გარკვეული დრო გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის”, - განუცხადა Politico -ს პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში ანჯეი სადოსმა.
მისი თქმით, ფერმერებმა დაიწყეს ტერმინალების და რკინიგზის გადაკეტვა, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. „ძალიან ახლოს ვიყავით ესკალაციასთან", - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ აკრძალვა, რომელიც 30 ივნისს იწურება, მხოლოდ დროებითია.
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ვარშავა „ჟესტების პოლიტიკაში“ ჩათრევაში დაადანაშაულა.
„მას სურს სიგნალის გაგზავნა, რომ მხარს უჭერს თავის ფერმერებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ყველაზე დიდებული გამოსავალი, განსაკუთრებით უკრაინის სოლიდარობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიპლომატმა.
სხვები კი ეჭვობენ, არის თუ არა ეს ზომები, პირველ რიგში, კანონიერი.
Politico წერს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ, ევროკომისიამ, თავშეკავებული მიდგომა გამოიჩინა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, ნაადრევია ამ ნაბიჯის კანონიერების შესახებ გარკვეული პასუხის გაცემა. თუმცა „სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“.
კითხვაზე, იყო თუ არა აკრძალვები ლეგალური, ევროკავშირის კიდევ ერთმა დიპლომატმა უპასუხა: ”მე ასე არ ვფიქრობ”. მისი თქმით, ვაჭრობა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს არ შეუძლიათ უბრალოდ ცალმხრივად დაბლოკონ იმპორტი ქვეყნიდან. ევროკავშირის კიდევ ერთმა დიპლომატმა მხარი დაუჭირა ამ არგუმენტს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებზე მიუთითა.
„ევროკავშირი-უკრაინის ვაჭრობის პირობები ასევე უნდა იყოს დაცული 2014 წლიდან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ზონის პირობებით“, - წერს Politico.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი უარყოფს მოსაზრებას, რომ ის წესებს არღვევს და არგუმენტად მოაქვს ეროვნული კანონები, რომლებიც მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზების გამო აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს. Politico წერს, რომ ევროკომისიის რისხვის თავიდან ასაცილებლად და საკუთარ ქმედების გასამართლებლად არგუმენტები არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ სამივე ქვეყანას მოაქვს.
თავის მხრივ, სლოვაკეთი ამტკიცებს, რომ იძულებული გახდა ემოქმედა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა იმპორტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღეს.
„არსებობდა რისკი, რომ მათი მარშრუტები ჩვენკენ გადმომისამართდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ზეწოლას გამოიწვევდნენ ჩვენს მცირე შიდა ბაზარზე“, - განაცხადეს სლოვაკეთის ხელისუფლებაში. მათივე მტკიცებით, ტესტებმა ასევე აჩვენა ხორბალში პესტიციდების გადაჭარბებული დონე.
ამასთან, პოლონეთისა და უნგრეთისგან განსხვავებით, სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ტრანზიტს ღიას დატოვებს.
აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ევროკავშირმა დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადასცა პოლონეთს, 16. 8 მილიონი ევრო - ბულგარეთს და 10 მილიონი ევრო - რუმინეთს.
„ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება საკითხის სისტემური გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ ფერმერების მხარდაჭერა. პოლონეთს სურდა გაეგრძელებინა უკრაინის მხარდაჭერა იმპორტის საშუალებით, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს მილიონობით პოლონელი ფერმერის გაკოტრების ფასად მოხდეს“, - განაცხადა ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა.
ანჯეი სადოსის აზრით, ასეთი სისტემური გადაწყვეტილებები იქნება იმპორტიორებისთვის 24 საათის „ფანჯრის“ მიცემა, მაგალითად, იმისთვის, რომ ტვირთებმა მიაღწიონ სატრანზიტო პორტს, რათა უზრუნველყონ, რომ პროდუქტები არ დარჩეს პოლონეთში.
„თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს იურიდიულად რთულია და მოიცავს უფრო მეტ შემოწმებას და დოკუმენტაციას, რაც პოტენციურად კიდევ უფრო მეტად შეაჩერებს სავაჭრო ნაკადებს,“- წერს Politico.