დასავლელი ლიდერები ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში, სავარაუდო კონტრშეტევის პასუხად ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეებსა და კიბერშეტევებს, გამოიყენებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ ელიან, რუსეთი საპასუხო რეაქციას მოახდენს და ექსტრემალური ტაქტიკებისთვის მომზადებული უნდა იყვნენ.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო უკრაინელების მხრიდან საპასუხო დარტყმისთვის და დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ნებისმიერ იარაღს", თუ კიევი ყირიმის დაბრუნებას შეეცდება.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიის ქალაქ კარუიძავაში, ნაგანოს პრეფექტურაში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომუნიკე გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება.