ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია შეხვდა.
მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი საკანონმდებლო სიახლეებსა და შრომის უსაფრთხოების ნორმებს შეეხო, რომელსაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.
„შეხვედრას ესწრებოდა დისკრიმინაციის სამმართველოს უფროსი ომარ მარგველაშვილი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასზე განხილული იყო შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა. შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.