სამხრეთ კორეამ შესაძლოა გააფართოვოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა განაცხადა.
"თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაამართლებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება ჩვენთვის რთული გახდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
Reuters-ი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს მაშინ, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ ლეტალური დახმარების შესაძლებლობა გამორიცხა.
„მჯერა, რომ არ იქნება შეზღუდვები იმ ქვეყნის დასაცავად და აღდგენის მიზნით მხარდაჭერისთვის, რომელშიც უკანონოდ შეიჭრნენ როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა კანონმდებლობის თვალსაზრისით. თუმცა, ომში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობისა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ ყველაზე შესაბამის ზომებს“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.