ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათეულებს ითვლის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, 29 გარდაცვლილი ადამიანიდან, მხოლოდ 3 არ იყო პაციენტი. ამასთან, 39 დაშავებული ადამიანი ჯერ ისევ რჩება ჰოსპიტალში, აქედან სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 18-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობიდან თვითნაკეთი თოკებით თავის დაღწევას.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში სამართალდამცველებმა ხანძართან დაკავშირებით 12 პირი დააკავეს, დაკავებულთა შორის არის საავადმყოფოს დირექტორი და სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე ადამიანები.
გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა პირველადი შეფასებით, ხანძარი კრიტიკულად მძიმე პაციენტების განყოფილებაში სწრაფად აალებადი საღებავის გამო გაჩნდა.
ცნობისთვის, საავადმყოფოში, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.