არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილისა და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. შპს „ქორულდმა” 2021 წელს მესტიის მერიისგან 67,069 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.
„დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს „ქორულდი” 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. იგი უმთავრესად სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მხოლოდ მესტიის მერიის შესყიდვებში მონაწილეობს. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. შპს „ქორულდის” მიერ მოგებული 6 ტენდერიდან ხუთ შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია იყო, ერთხელ კი „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი”.
აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან, ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას შპს „ქორულდი”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ქორულდის” მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.