სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს, დაშავებულთა რაოდენობა ათასობითაა, თუმცა მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება იწურება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისივე ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირების გამო, მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებებამდე მისვლას ვერ ახერხებენ, ასევე იწურება ის სამედიცინო საშუალებები, რომლებიც სუდანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიაწოდა.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები ხართუმში მიმდინარეობს. გადაადგილება უსაფრთხოების არარსებობის გამო შეზღუდულია, რაც მედიცინის მუშაკებისთვის და სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის სამედიცინო დაწესებულებებამდე მისასვლელად სირთულეებს ქმნის. მარაგები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანაწილებდა სუდანის სამედიცინო დაწესებულებებს შორის ჯერჯერობით ამოწურულია. საავადმყოფო ხართუმში, რომელიც დაშავებულ სამოქალაქო პირებს იღებს, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო საშუალებების ნაკლებობაზე საუბრობს, რაც პაციენტების გადასარჩენად აუცილებელია. ამასთან, გენერატორებისთვის საწვავის ნაკლებობა, წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვა მოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე. არის შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება გაძარცვულია, ზოგიერთი კი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი საავადმყოფო უკვე დაიხურა ან დახურვის პირასაა მისული თავდასხმების გამო და ასევე, სამედიცინო პერსონალისა და საშუალებების ნაკლებობის გამო“,- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მან მოუწოდა სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი.