იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ბივალენტური ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის როგორც თავდაპირველი შტამის, ასევე „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ.
„სავარაუდოდ, არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შემოდგომისთვის ექნება ბივალენტური ვაქცინა.
გრიპის ვაქცინის მსგავსად, რისკის ჯგუფებს მას წელიწადში ერთხელ შევთავაზებთ. ამ პირობებში ჯანმო ამას თვლის ყველაზე მიზანშეწონილად. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსის ხვედრითი წილი 2-5%-მდეა.
ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება, სადაც დადგება საკითხი, რისკის ჯგუფებისთვის გრიპთან ერთად რომელი ვაქცინა უნდა შეარჩიოს ქვეყანამ.
ბივალენტური ვაქცინის ერთი კომპონენტი თავდაპირველი შტამის წინააღმდეგ მოქმედებს, მეორე კი "ომიკრონის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.