რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოფიციალური სეულის პოზიციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მან შესაძლოა უკრაინას იარაღი მიაწოდოს.
განცხადება, რომელშიც მედვედევი სამხრეთ კორეას დაემუქრა, მან „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ აქამდე სეულში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდნენ.
„გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, ვისაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.
საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში, ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაში?“- განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეამ შესაძლოა გააფართოოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა განაცხადა.
"თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაამართლებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება ჩვენთვის რთული გახდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.