მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მავნებლური ინიციატივაა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცენდენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს, რაც არ უნდა კეთილშობილური მოტივებით ნასაზრდოებად მიგვაჩნდეს. მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა.