აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს და სტუდენტებს შეხვდა.
ბსუ-ს ინფორმაციით, ამერიკის ელჩი ახალგაზრდებს მიესალმა და მიმართვისას ხაზი გაუსვა საქართველოსთან მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ელჩმა ისაუბრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებზე. აშშ-ის მხარდაჭერით ბსუ-ში ხორციელდება პროგრამები სამართალმცოდნეობის, საბაზისო განათლების, სამოქალაქო განათლების, ტექნოლოგიების, ინგლისური ენის შესწავლის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამერიკის ელჩისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე დაესვათ შეკითხვები. კითხვები ეხებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, განათლების სისტემას, გაცვლით პროგრამებს, ახალგაზრდების როლს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, საქართველოს გეოპოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.
ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ელჩს, კელი დეგნანს გააცნო უნივერსიტეტში აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და გამოცემული სახელმძღვანელოები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.