ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შედეგად უკრაინის მეზობელი ხუთი ქვეყნის დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის სახით 100 მილიონი ევროს გამოყოფს. ასევე იგეგმება უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღება.
გამოცემის თანახმად, ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ უკრაინიდან იმპორტირებულ ხორბალთან, სიმინდთან, მზესუმზირისა და რაფსის თესლებთან დაკავშირებით გადაუდებელ “პრევენციულ ზომებს” მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მარტის ბოლოს ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ერთობლივ საჩივარს უკავშირდება.
ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მისი ექსპორტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ან დანარჩენ მსოფლიოში იგეგმება.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ქვეყნები გახდა ტრანზიტი უკრაინული მარცვლეულისთვის, რომლის ექსპორტი შეუძლებელი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ფერმერებს იაფ უკრაინულ მარცვლეულთან კონკურენცია მოუწიათ, რომელიც მათი მოსავლის ფასსაც აგდებდა.
ცნობისთვის, აქამდე პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალეს. ვარშავამ ტრანზიტიც კი აკრძალა, თუმცა 18 აპრილს კვლავ დაუშვა.