უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ 26 დრონიდან 21 გაანადგურეს და 5 მიმართულებით 55 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.
„გასული დღის განმავლობაში, ფრონტის აღნიშნულ სექტორებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 55-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ბახმუტისა და მარინკასთვის უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს”, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, გამოიყენეს „შაჰიდ-136“ ტიპის 26 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს.
„ასევე, რუსმა აგრესორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 69-ჯერ დაბომბეს. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები დანგრეულია და დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსული ძალების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილებს 7 დარტყმა მიაყენა, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყეს.