ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2023

“ეს ისტორიული გარღვევაა” - ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა დიდი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდეს

პირველი “პეტრიოტი” უკრაინაშია - “კონტრშეტევისას ზურგისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება”

დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებელი ახალი ქარხნების ამოქმედებას იწყებს - “სხვა შემთხვევაში ომი ხანგრძლივი ვადით გაიწელება”

* * *

“ეს ისტორიული გარღვევაა” - ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა დიდი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდეს

“კავკასიის რეგიონში მრავალწლიანი ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი შესაძლოა უახლოეს მომავალში დიდი სამშვიდობო ხელშკრულებით დასრულდეს - სომხეთმა ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა და საპასუხო ნაბიჯებს ელის, თუმცა, ბაქოს პასუხი ხისტია და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თურქეთის ჩართვა გახდეს საჭირო. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს ორ-სამ თვეში კავკასიის რეგიონში დიდი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსწრენი გავხდეთ. ასეთ შემთხვევაში კი ე.წ. რუსი სამშვიდობოების ყოფნას ლოგიკა აღარ ექნება და იძულებულს გახდიან, რომ ჯარები გაიყვანოს. ეს საქართველომ უნდა გამოიყენოს და რუსული ჯარების გაყვანა საკუთარი ტერიტორიებიდანაც მოითხოვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს ისტორიული გარღვევაა” - ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა დიდი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდეს.

“სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, აღნიშნული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. “მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ფაშინიანმა. მედია წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთი უარყოფს აღნიშნულ რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და ამტკიცებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებული. აზერბაიჯანის განცხადება გაცილებით ხისტია - როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. მისივე თქმით, ბაქო აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით. “ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ”, - განაცხადა ალიევმა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ფაშინიანმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და თუ ბაქო ხისტ პოზიციას გააგრძელებს, თურქეთის შუამავლობა გახდება საჭირო, რათა მხარეები სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მივიდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ფაშინიანი კავკასიაში ერთ-ერთი რეალისტი პოლიტიკოსია. რეალიზმია, როცა სიტუაცია შეიძლება შენს სასარგებლოდ სულაც არ იყოს, თუმცა, თუ მითებში ხარ გამოჭედილი, შესაძლოა კიდევ უარესი მიიღო, ვიდრე დღეს გაქვს. ფაშინიანს სურს, რომ დღეს არსებული სიტუაცია გადაარჩინოს, მეტი აღარ დაკარგოს და ამიტომ პრაქტიკულად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთილი მისი პოზიციაა. თუმცაღა, აქვე უნდა ითქვას, რომ ომის წინ, 2020 წელს, ფაშინიანმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია და წერტილიო. ამის შემდეგ აზერბაიჯანი მიხვდა, რომ სომხეთთან რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებების ცდას აზრი აღარ ჰქონდა, ომისთვის მზადება დაიწყო და განახორციელა კიდეც საომარი მოქმედებები. ფაშინიანმა ახლა მისი ცნობილი ფრაზა არსებითად შემოატრიალა. მას პირდაპირ არ უთქვამს, მარამ პრაქტიკულად აღიარა, რომ სომხეთი აზერბაიჯანულ ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს 1991 წლის საზღვრებში, ანუ ვიდრე სომხეთი ყარაბაღს დაიკავებდა. ეს ისტორიული გარღვევაა, ალბათ კავკასიაში მომავალი მშვიდობა ამაზე დაფუძნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამასთან, თურქეთი ცოტა აქტიური უნდა იყოს. აზერბაიჯანი რიტორიკის დონეზე რომ უფრო მოქნილი იყოს, კარგი იქნებოდა. ფაშინიანი ჩემთვის მისაღებ და მოსაწონ მეორე ნაბიჯს რასაც აკეთებს ისაა, რომ ის თურქეთთან საერთო ენას ეძებს, ხედავს, რომ აზერბაიჯანთან პირდაპირი კავშირების დამყარება ძნელია, პარტნიორული თანამშრომლობისთვის მზად არაა, მაგრამ თურქეთმა შესაძლოა ბაქოზე გავლენა მოახდინოს. მზადდება, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი გაიხსნას. მგონია, რომ ერევანი მოახერხებს, რომ თურქეთი ჩართოს, რათა აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაალაგოს. აქ, საბედნიეროდ, რუსეთისთვის თითქმის ადგილი არ რჩება - თუ აზებაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას საჯაროდ ხელს მოაწერენ, აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთს კულუარებში ეტყვის, რომ რუსეთი რაში სჭირდება, ჩვენ საერთო ენას ვიპოვითო. მაშინ ბაქო ხმამაღლა იტყვის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშვიდობოები აღარ გვჭირდება, ყველაფერი წესრიგში გვაქვსო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აზერბაიჯანი ეთნიკური სომხების მიმართ უფრო მეტად ლმობიერი და ყურადღებიანი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ყარაბაღს მაინც ბევრი დატოვებს და ამ ტერიტორიაზე სომხები ცოტანი დარჩებიან, მაგრამ, ვინც დარჩება, ალბათ ბაქოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს, უფლებები დაცული იქნას, რათა არანაირი განცხადებები არ გაკეთდეს, როგორც ევროპიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა თქვას, ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და სამშვიდობოები აღარ გვჭირდება და ვთხოვთ რუსეთს გავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ყველაფერი აქეთკენ მიდის, მხოლოდ ჩვენ ვართ დოყლაპიები, პირი დაგვიფჩენია და ხმა ვერ ამოგვიღია, რომ რუსეთმა 2008 წლის თავისივე ხელმოწერილი პირობა უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. ეს ხელისუფლებაც კი, პარლამენტის რეზოლუციით ამბობდა ამას, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოსო, დღეს უკვე ეს რეზოლუცია პარლამენტის საიტიდან გამქრალია”, - ამტკიცებს კონფლიქტოლოგი.

“რუსეთის გავლენები ყოველდღიურად მცირდება, მხოლოდ საქართველო ვერ ხედავს ამას. აზერბაიჯანი და თურქეთი დაინტერესებულები არ არიან, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენები ხელოვნური იყოს. ამის გამო, რუსეთს ომს არ დაუწყებენ, მაგრამ მაქსიმალურად დიპლომატიურად და რეალობიდან გამომდინარე, კავკასიაში რუსეთის ადგილი მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს დაყვანილი. ხელშეკრულებას შესაძლოა უახლოეს ორ-სამ თვეში მოეწეროს ხელი, ახლა უკვე კონფიგურაცია გამოჩნდა ალიევისა და ფაშინიანის ამ განცხადებებში არ ჩანს, მაგრამ აქ საინტერესოა კულუარებში რა ხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები. ამ ფონზე, მგონია, რომ რაღაც სერიოზული ხელშეკრულება მზადდება. რაც შეხება საქართველოს შუამავლის როლს, დღეს ჩვენ მხოლოდ სკამებს და მაგიდებს ვთავაზობთ, ჩვენ არ ვჩანვართ, პოლიტიკას არ ვთავაზობთ, მხოლო ავეჯს და ადგილს ვთავაზობთ|”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

პირველი “პეტრიოტი” უკრაინაშია - “კონტრშეტევისას ზურგისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება”

“დღეიდან უკრაინის ცა უფრო დაცული იქნება - გერმანიიდან გაგზავნილი “პეტრიოტის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უკვე უკრაინაშია. აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აღფრთოვანებით შეხვდა და აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად უკრაინის დამცველებმა სისტემის გამოყენება სწრაფად აითვისეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, “პეტრიოტს” 150 კმ მანძილზე და 20 კმ სიმაღლეზე დრონების, თვითმფრინავების, სარაკეტო კომპლექსების დაჭერა შეუძლია, რადიოლოკაციური სისტემა საკმაოდ ძლიერი აქვს და სულ მცირე ოთხ ბატარეას, ანუ ერთ დივიზიონს ასევე შეუძლია, რომ კიევის ცა მთლიანად გადაკეტოს. “შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება”, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის მიერ გადაცემული “პეტრიოტის” ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩავიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პირველი “პეტრიოტი” უკრაინაშია - “კონტრშეტევისას ზურგისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება”.

“რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა ეს სისტემები შეძლებიდაგვარად სწრაფად აითვისეს. მან აშშ-ის, გერმანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებსა და ხალხს მადლობა გადაუხადა. მან გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც “პეტრიოტის” სამი სისტემაა გამოსახული. “შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან “პეტრიოტის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა. ჩვენმა პარტნიორებმა კი თავისი სიტყვა შეასრულეს. ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს... ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ჯერ კიდევ ორი წლის წინ იდგა, თუმცა მაშინ მან მიიღო პასუხად, რომ მსგავსი სისტემების უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებელი იყო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ “პეტრიოტს” დიდ მანძილზე დრონების, თვითმფრინავების გადაჭერა შეუძლია და უკრაინის ცა უფრო დაცული იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პეტრიოტის” ერთ დივიზიონზე, ანუ, ოთხ ბატარეაზე იყო საუბარი და მგონი ერთი ჩავიდა. ერთი ბატარია მთლიანად კომპლექსს მოიცავს - რადიოსალოკაციო ცენტრი, მართვის სისტემა, გამშვები დანადგარი და უშუალოდ ოთხი სარაკეტო კომპლექსი. მას შუძლია დიდ მანძილზე დრონების, თვითმფრინავების, სარაკეტო კომპლექსების დაჭერა განახორციელოს. რადიოლოკაციური სისტემა საკმაოდ ძლიერი აქვს და სულ მცირე ოთხ ბატარეას, ანუ ერთ დივიზიონს კიევის ცა მთლიანად გადაკეტოს. კონტრშტევის დროს, ზურგისა და მთავარი სტრატეგიული ობიექტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. გარდა ამისა, უკრაინაშია იგივე გერმანული “აირისის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგი თავდაცვის სისტემა, ახლა “პეტრიოტი” შეემატა და ნორვეგიული “ნასამსი” დარჩა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ბოლო დროს დღეში 20-მდე პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენება დაიწყეს, რომელთა ჩამოსაგდებად ძალიან ბევრი საზენიტო რაკეტა იქნება საჭირო. მთავარი “პეტრიოტის” საზენიტო რაკეტების მარაგია. “ზუსტად რამდენი იქნა გადაცემული, ამაზე საუბარი ძნელია, რასაც ოფიციალურად აცხადებენ, ორივე მხარე იმ მონაცემებს აქვეყნებს. მთავარია, თვითონ საზენიტო რაკეტების მარაგი რამდენია. დანადგარი ერთია, მაგრამ, თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა განთავსებული (გააჩნია რა მოდიფიკაციაა), მათი დახარჯვა სწრაფად ხდება. როცა მეზენიტეები საჰაერო სამიზნის დაზიანებას, ან ჩამოგდებას აპირებენ, როგორც წესი დაზღვევის მიზნით ერთ მიზანზე დუბლს - ორ საზენიტო რაკეტას უშვებენ”, - განმარტავ ალადაშვილი, რომლის თქმით, “ერთი საზენიტო რაკეტით საჰაერო ობიექტის ჩამოდგების ალბათობა ათიდან ცხრაა, ან ასიდან 90. ამიტომაც თავი, რომ დაიზღვიონ, ორ რაკეტას უშვებენ”, - დასძენს გამოცემა.

“საზენიტო რაკეტების ხარჯი საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს, როცა ოკუპანტებმა ბოლო დროს უკვე პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენება დაიწყეს, ანუ ჩვეულებრივ საავიაციო ბომბებს ფრთებს უყენებენ, რომელთა ფასი ფაქტობრივად კაპიკებია და სავსეა საწყობები. დღეში 10-20 ასეთი ბომბის გამოყენება დაიწყეს, რომელთა ჩამოსაგდებად ძალიან ბევრი საზენიტო რაკეტა იქნება საჭირო. “პეტრიოტის” მესამე მოდიფიკაცია საკმაოდ მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და საუბარია, რომ აეროდინამიკური სამიზნის - ეს იქნება თვითმფრინავის, უპილოტო დრონის, შვეულმფრენის თუ ფრთოსანი რაკეტის ჩამოდგების შანსი საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 150 კმ სიშორეზე და 20 კმ სიმაღლეზე მოქმედებს. თუმცაღა, როცა ბალისტიკურ და აერობალისტიკურ სამიზნეებზეა საუბარი, მაგალითად, ისკანდერის რაკეტის ჩამოდგებაზე, ეს უკვე ურთულესი პროცესია”, - ამტკიცემს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“ეს მხოლოდ ტექნიკაზე კი არა მოქმედების ტაქტიკაზეა დამოკიდებული. საქართველოსგან განსხვავებით, დონბასში დიდი მთები არაა, იქ მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენა შედარებით შორ მანძილზე შეიძლება, თუკი ისინი დაბალ სიმაღლეზე მოფრინავენ. პირველი ცივი ომის დროს, ორი ანალოგი იყო, საბჭოთა “ეს-300” და ამერიკული “პეტრიოტი”, მაშინ “პეტრიოტი” 1991 წელს უდაბნოს ქარიშხლის ოპერაციის დროს იქნა გამოიყენებული, საბჭოთა “ეს-300”-ების საბრძოლო გამოყენება ბევრად გვიან მოხდა, ახლა გამოჩნდება თუ პეტრიოტს რა შეუძლია, წესით ბევრად უნდა დაეუფლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდასხმის საშუალებებს",- დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებელი ახალი ქარხნების ამოქმედებას იწყებს - “სხვა შემთხვევაში ომი ხანგრძლივი ვადით გაიწელება”

“ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიაწოდონ - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” დასავლეთის მხრიდან უკრაინის მიმართ არასათანადო სიძლიერის სამხედრო მხარდაჭერაზე საუბრობენ. სტოლტენბერგმა განცხადება, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის იმ დოკუმენტზე კომენტირებისას გააკეთა, სადაც ნათლად ჩანს, რომ უკრაინას შეიძლება საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის დეფიციტი შეექმნას და ამოეწუროს კიდეც. ნატოს ლიდერმა, ასევე თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიების დასაბრუნებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებელი ახალი ქარხნების ამოქმედებას იწყებს - “სხვა შემთხვევაში ომი ხანგრძლივი ვადით გაიწელება”.

“ვაღიარებთ უზარმაზარი რაოდენობით იარაღს, საბრძოლო მასალას და მარაგებს, რომელიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ, დაიბრუნონ ტერიტორიები”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსს” ეუბნება, რომ სტოლტენბერგის განცხადება ნიშნავს იმას, რომ დღეს დაპირისპირებაში დასავლეთი ვერ უმკლავდება ცივი ომის დროინდელ აქტორებს. ევროპის სამხედრო პოტენციალი ვერ ჯობნის რუსეთის შეიარაღებას. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” სტოლტენბერგის განცხადებას განმარტავს, რომ ევროპა არ იყო მზად ასეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის, თუმცა მას უკრაინისთვის იარაღი რომ არ მიეწოდებინა, უკრაინა ვერ შეძლებდა რუსეთის შეჩერებას, ხოლო იმისთვის რომ გაიმარჯვოს, საჭიროა უფრო მეტი იარაღის მიწოდება. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ იხსნება იარაღის მწარმოებელი ქარხნები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დასავლეთი ვერ აწვდის საკმარის იარაღს უკრაინას და არის კიდევ ისეთი მომენტი: კიდევ მეტი იარაღი არის საჭირო, იმიტომ რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს და აძლიერებს საერთაშორისო დონის თანამშრომლობას: ჩინეთი, ირანი ჩრდილოეთ კორეა, და ა.შ. ასე რომ ის შეიარაღება, რასაც დასავლეთი უკრაინას აწვდის, არ არის საკმარისი, სამწუხაროდ. რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნები უფრო მეტი არ არის, მაგრამ, რუსეთი სერიოზულ შეიარაღებას ავითარებენ. რუსეთი იარაღის მსხვილი მწარმოებელი იყო და იარაღის ექსპორტიორი ქვეყანაა. ბუნებრივია, უფრო მეტი იარაღი უნდა მიეწოდებოდეს უკრაინას, რადგან მას ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგე, არ არის სუსტი და ერთი სროლით წაქცევა იოლი არ არის. იმ ფონზე, რა ფონზეც დღეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, არც ამერიკა, არც ჩინეთი, არც ნატო, თავისი პოტენციალით ვერ უმკლავდება ცივი ომის პერიოდის აქტორებს. რუსეთის პოტენციალის ფონზე, არც ამერიკა არც ევროკავშირი და არც ნატო არ გამოირჩევა, არც ჩინეთი - ცივი ომის დროს უფრო ძლიერი აქტორები იყვნენ, ვიდრე ახლა” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აღიარებას არ დავარქმევდი ამას ყველაფერს, ზუსტად ამ იარაღით მოახერხა უკრაინამ რუსეთის შეჩერება და უკუგდება. და ახლა 100 პროცენტით არის დამოკიდებული უკრაინა ევროპიდან შემოსულ იარაღზე, მაგრამ ომი არის დიდი და ხანგრძლივი, ამ ომისთვის არც ევროპა და არც მსოფლიო არ იყო მზად, არავინ ელოდა რომ ამ მასშტაბის ომი იქნებოდა, შესაბამისად იარაღის საწყობები გაძეძგილი არ ჰქონდათ დასავლეთში, რომ ამდენი ხარჯი გაეწიათ, ეს გათვლები არ ჰქონდათ გაკეთებული და ახლა უწევთ ამ ყველაფრის თავიდან ამოქმედება. ის რომ უკრაინას დამატებით სჭირდება იარაღი, ეს ფაქტია. მიწოდებული იარაღით გარკვეული ამოცანა შეასრულა უკრაინამ, რუსეთთან იგი არ დამარცხდა, რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. მაგრამ უკრაინამ რომ გაიმარჯვოს ამისთვის მას ჭირდება დამატებით იარაღი, აქედან გამომდინარე, ახლა იწყებენ ქარხნების ამოქმედებას. პოლონეთში უკვე გახსნეს საბრძოლო იარაღის ქარხანა, სლოვაკეთში და ჩეხეთშიც აპირებენ, ასევე გერმანიაში. იმიტომ რომ იარაღის არსებული მარაგები აბსოლუტურად არასაკმარისია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინას ნამდვილად სჭირდება დახმარება და ნამდვილად სჭირდება იარაღი, თუკი ომის დასრულებაა მიზანი. და უკრაინისთვის ომის წარმატებით დასრულება. სხვა შემთხვევაში ეს ომი იქნება ჩიხში, და იქნება გაუთავებელი დაპირისპირება, კიდევ უფრო ხანგრძლივი ვადით გაიწელება. ევროპასაც არ გააჩნია იმ რაოდენობის იარაღი, რომ თვითონ დაიკლოს და უკრაინას მისცეს ყველაფერი, ეს ასე არ არის. ყველა ქვეყანს აქვს თავისი თავდაცვითი აუცილებლობის მინიმუმი, ეს არის ის იარაღი და ის სისტემა, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვა შეძლოს. იმ მინიმუმის გარდა ვერ ჩამოვა. მაგრამ, ყველა ქვეყანას არ აქვს ის რაოდენობა, რომელიც უკრაინას დასჭირდა ამ ომის განმავლობაში და კიდევ დასჭირდება, ევროპა ამისთვის მზად არ იყო” - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში