რამდენიმე  არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით,  12 რეკომენდაციიდან  სრულად ერთი პირობაა შესრულებული

9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი - „კანდიდატის სტატუსმეტრი”, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

მესამე სექტორის შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

როგორც ფონდი “ღია საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ხუთი შესასრულებელი რეკომენდაცია მოიცავს: მედიის დამოუკიდებლობას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

“სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს აჩვენოს რა არის უკვე შესრულებული და რა არის შესასრულებელი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დრო ოქტომბრამდე კიდევ არის. ასევე, დრო არის იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება აჩვენოს და სურვილი იმისა, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულდეს და პროგრესი მაინც გამოჩნდეს. დღევანდელი შეფასებით ჩანს, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა და ეს არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების პროაქტიულად გათვალისწინება. ეს მნიშვნელოვანია და კარგია, რომ შესრულებულია. ორი მეტ-წილად შესრულებულია და საუბარია, გენდერული საკითხების გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით სამართლებრივ დონეზე და აგრეთვე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საფუძვლების ჩაყრაზე. ოთხი ნაწილობრივ შესრულებულია და ხუთი კი შესასრულებელია. ეს ხუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხუთი მოიცავს მედიის დამოუკიდებლობას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამოქალაქო საზოგადოების მთავარი სურვილი არის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ კმარა”, - განაცხადა ხუციშვილმა.

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, სასამართლოსთან მიმართებით საჭიროა ხელისუფლებამ კურსი შეიცვალოს.

“შეფასების დოკუმენტი, რომელიც მომზადდა რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, სწორედ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება. აქ ორი საკითხი მნიშვნელოვანი იყო, ერთი არის ნაკლებად პრობლემური - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მექანიზმების შექმნა ეროვნულ დონეზე, რაც ამ შემთხვევაში შესრულებულია. რაც შეეხება სხვა უფრო დიდ რეფორმას, რომელიც სასამართლოს უკავშირდება, ამ მხრივ არის პრობლემები, შესრულებული არ არის საბჭოს რეფორმის ნაწილში, სტრატეგიის ნაწილში, ინკლუზიური პროცესი არ ყოფილა და ეს სტრატეგიის დოკუმენტიც სათანადო არ არის. ინდივიდუალური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მექანიზმები მოსამართლეების გაძლიერების მიზნით არ არის წარმოდგენილი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნების ფარგლებში მოსწრებადი ნამდვილად არის ამ რეკომენდაციების შესრულება. გამოწვევები ბევრია, მათ შორის, სანქცირებულია ოთხი მოსამართლე, აქედან სამი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. სასამართლოსთან მიმართებით საჭიროა ხელისუფლებამ კურსი შეიცვალოს”, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში