გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 2014 წლიდან პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, დაფინანსებულია 218 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა.
„დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად, იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
მისივე განცხადებით, პროექტი 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს და ჯამურად, 4500 ტონა პროდუქციის შენახვა არის შესაძლებელი.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%-იანი სარგებელი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
„2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქციის წარმოების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50%-იანი, არაუმეტეს 100 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების განვითარებას და სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, პარლამენტში გამოსვლისას, მინისტრმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
„2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამა 4 საპილოტე რეგიონში ხორციელდება: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 43 ბენეფიციარი, 29 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. პროგრამა მოიცავს გადამმუშავებელ, შემნახველ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.