ოთარ შამუგია - სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება

2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. მისივე თქმით, სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის.

„მევენახე ფერმერები, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70 %-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის დაზღვევას.

პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ოთარ შამუგია აღნიშნავს, გასულ წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი მივიღეთ.

„ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-მდე, ხოლო დროებით დაქირავებულთა რაოდენობა 45 000-მდეა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, გაშენებულია 20.000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი, მოწყობილია 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლითაც მხოლოდ 2022 წელს 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემულია 990 მლნ ლარზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 170 მლნ ლარზე მეტია.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში გამოსვლის დროს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. საქართველოდან ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა